ბანკი კრედიტს იოლად ვეღარ გასცემს არა იმიტომ, რომ მას შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ იმიტომ, რომ შემოთავაზებულია ახალი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა “არჩევანში”.
მისი თქმით, ახალი ინიციატივა შეეხება, დაახლოებით, 600 ათასზე მეტ ადამიანს და შესაძლებელია, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი და ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს ფონდ „ქართუს“, რათა მიყიდოს პრობლემური სესხები.
“დღეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია შემოთავაზებული და ინიცირებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები და მოდელი. ზუსტად ეს ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას, შეისწავლონ პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა მას გადახდის საშუალება გადახდის და გაზომოს რამდენის გადახდა შეუძლია და იმის ადეკვატური სესხი მისცეს. შესაბამისად მომავალში, მნიშვნელობა მიენიჭება არა იმას იყო თუ არა ადამიანი “შავ სიაში”, არამედ იმას, შეუძლია თუ არა მას ახალი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პირობებში კრედიტის მომსახურება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.