ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება. “საქსტატის“ მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს.
2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც
11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 169.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა.
“საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება.