„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ახალი, აქამდე უპრეცედენტო ფორმები. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტების გავრცელების მასშტაბი შემაშფოთებელია. ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ამომრჩეველზე ზეწოლის გარემომ შესაძლოა არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესსა და მის ლეგიტიმაციას ჩრდილი მიაყენოს. იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესსა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ჩრდილი არ მიადგეს, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: ღიად და საჯაროდ დაგმონ ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ყველა მცდელობა.
ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ზეწოლა ხორციელდება, როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე. ზეწოლისა და იძულების ფაქტების გარდა მმართველი პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები არჩევნებზე არ გამოცხადდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ა(ა)იპ-ების ანამშრომლებისგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებენ, რომ ისინი სამსახურს დაკარგავენ ხოლო ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება დაიწყება.
ახალციხეში ერთ-ერთი ბაგა-ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები დააწერინეს და გააფრთხილეს, რომ ეს განცხადებები ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. სამსახურიდან გათავისუფლების მუქარას ჰქონდა ადგილი გურჯაანისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ასევე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე ხელმძღვანელები თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს დაიწყება არეულობა და ომი და სთხოვენ, რომ ეს ინფორმაცია ახლობლებთან და ნათესავებთან გაავრცელონ.
თბილისში, ხაშურსა და ზუგდიდში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ზეწოლა ხორციელდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე. კერძოდ, ბიზნესის მფლობელები დასაქმებულებისაგან მოითხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მათთვის გადაცემას. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს პოლიციის თანამშრომელი ოჯახის წევრის დაპატიმრებით და მცირე ბიზნესის დაჯარიმებით დაემუქრა თუ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა.
გორის მუნიციპალიტეტში უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან და თითქოს პიროვნების დაზუსტების მიზნით ეუბნებიან მათი და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ ამომრჩეველს შექმნოდა განცდა თითქოს ამ პირებისთვის ცნობილია მისი პერსონალური ინფორმაცია.
ბათუმში ერთ-ერთ ოჯახში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად წარადგინეს, მისამართზე ჩაწერილი პირები მოიკითხეს და აღნიშნეს, რომ ისინი პირველ ტურზე არ მისულან. აღნიშნული შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ კარდაკარ დადიან პირები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ამომრჩეველი არ მივიდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე. კანონის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია დახურულია და გაუგებარია რა ხერხებით აღმოჩნდა კონფიდენციალური პირადი ინფორმაცია გარეშე პირების ხელში.
ყველა ამ შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშში გაასაჯაროებს.