ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე დასკვნით ეტაპზეა რკინა-ბეტონის სამუშაოები და იწება ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი. პარალელურად შიდა სამუშაოები ხორციელდება: გადატიხვრა, ელექტრო სისტემების მონტაჟი, გათბობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა. სამუშაოებში დღეისათვის 200 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაო პროცესს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გაეცნო. პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მინისტრს შპს "საბა კონსტრაქშენის" დამფუძნებელმა სლავა შერაზადიშვილმა მიაწოდა.
3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარაბზები დაგეგმარებულია მომიჯნავედ ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი.
გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები მოეწყობა.
შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.
მშენებლობის ღირებულება - 61 977 777 ლარი.
მშენებლობის დასრულება: ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვე (ხელშეკრულება 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა) სპორტული კომპლექსის პროექტს შპს "საბა კონსტრაქშენი" ახორციელებს.