საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურის პორტის და პორტის ოპერაციების მართვის ცენტრის მუშაობას გაეცნო. გიორგი ქობულიას პორტში ვიზიტისას სინგაპურის საზღვაო და საპორტო ხელისუფლების მთავარ აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ ტანმა უმასპინძლა, მანვე გააცნო პორტის მუშაობის დეტალები.
შეხვედრის შემდეგ, ენდრიუ ტანმა თავის გვერდზე LinkedIn - ზე გამოაქვეყნა ფოტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან და კომენტარი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა გვემასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ბ-ნ. გიორგი ქობულიასთვის. ორი თვის წინ პატივი მქონდა დავსწრებოდი ბათუმის საზღვაო ფორუმს, სადაც ახალი მეგობრები შევიძინეთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მისი პორტებისა და ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით და ეს ყოველთვის კარგი საფუძველია მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ქობულია ახალი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.