ჩინეთში, შანხაიში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ქართული პავილიონი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დაათვალიერა. ქართულ პავილიონში წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - „აწარმოე საქართველოში," ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. გამოფენაში 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს, მათ შორის „სტარტაპერებიც“ - დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებიც არიან.
2018 წლის 9 თვის (იანვარ-სექტემბერი) მონაცემებით, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 810.71 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრუნვის მიხედვით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა.
China International Import Expo მასშტაბური გამოფენაა, რომელიც შანხაიში 2018 წლის 5-დან 10 ნოემბრამდე გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მთავარი ორგანიზატორი კი ჩინეთის კომერციის სამინისტროა.