6 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ბიზნეს-კონფერენცია: „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო - „აწარმოე ესტონეთში“ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა. ბიზნეს - კონფერენცია ძირითადად დაეთმობა ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა გახსნიან. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში 2, ტალინში კი 1 ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
2018 წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 33%-ით და განისაზღვრა 9,73 მლნ. აშშ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა 169%-ით და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.