ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სხდომებზე ამ საქმის მთავარი მოწმეები, მიხეილ კალანდია და მისი ძმა, ლუკა კალანდია დაიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმაც. ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.