ბათუმის საქალაქო სასამართლო ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებული თურქეთის მოქალაქეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
„ისინი იყვნენ უბრალო შემსრულებლები. მათ ვესაუბრე, აღიარებენ, რომ ე.წ. დინამიტები დაამონტაჟეს, თუმცა იქ, სადაც მიუთითეს. პროცესზე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებ“, – ამბობს ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი.
შემთხვევა სოფელ დოლოგანში 31 ოქტომბერს მოხდა. კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვს ქვის ნატეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია, რომ კომპანიას, რომელიც კარიერზე სამუშაოს აწარმოებდა, აფეთქების ნებართვა არ ჰქონდა.