თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.
მანამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, შემდეგ კი, რეპლიკით ისარგებლეს.
ნაფიცი მსაჯულების კითხვების უმეტესობა ბრალდების მხარეს ეკუთვნოდა.
საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. ორივე მათგანმა დეტალურად ისაუბრა დაკავებისა და შემდეგ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ.
ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვაში ნაფიც მსაჯულებს სწორი და სამართლიანი ვერდიქტის გამოტანა სთხოვეს. აღნიშნული თხოვნით ნაფიც მსაჯულებს ბრალდების და დაცვის მხარემაც მიმართა.
ნაფიცმა მსაჯულებმა პირველ 4 საათში ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ასე არ მოხდა, მათ შემდეგი რვა საათი ეძლევათ იმისთვის, რომ 8/4-ზე მიიღონ გადაწყვეტილება. თუკი, შემდეგ 8 საათშიც ვერ მოხდა ვერდიქტის ამ თანაფარდობით გამოტანა, მათ კიდევ 3 საათი ეძლევათ კვლავ 8/4ზე ვერდიქტის გამოსატანად. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ გონივრულ ვადას აძლევს. ამ ვადაშიც თუკი ვერ მოხდა ვერდიქტის გამოტანა, მოსამართლე მათ დაითხოვს და თავიდან მოხდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.
მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
გამოძიების ვერსიით, ლევან ყანდორელაშვილსა და დავით ქმოსტელს უთანხმოება ჰქონდათ და მკვლელობაც შურისძიების ნიადაგზე მოხდა.
ბრალდებულების ადვოკატი, სულხან კომახიძე კი აცხადებს, რომ ლევან ყანდორელაშვილს განყოფილებაში ნარკოტიკი მოახმარეს და ამის შემდეგ მიაცემინეს ჩვენება.
ლევან ყანდორელაშვილსა და გიგა ჭალელიშვილს ბრალი ედებათ 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათ ასევე ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა,ტარებაში. ერთ დაკავებულს ბრალი ასევე 238-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნასამართლევი პირის მიერ.