„ბოლო პერიდოში დაანონსებული რეფორმები საგადასახადო-საბაჟო კუთხით კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აღნიშნულ რეიტინგში წინსვლას“ - ასე ეხმაურება მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს “Doing Business 2019” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი. ნინო ჩიქოვანი რამდენიმე მიმართულებით უკვე განხორციელებულ რეფორმებზეც საუბრობს, რომლებმაც აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიციის დაწინაურებას ხელი შეუწყო.
„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ნათელი შედეგია იმ რეფორმების, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში გატარდა ბიზნესის კეთების გამარტივების მიმართულებით. რეიტინგში გადასახადების მიმართულებით საქართველო 6 პოზიციით დაწინაურდა. ამ შედეგზე დიდი გავლენა მოახდინეს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებმა, რომელთა შესაბამისად მოგების გადასახადი გაუქმდა გაუნაწილებელ მოგებაზე, რომელიც რეინვესტირების წყაროა. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მთლიანი საგადასახადო განაკვეთის წილი და მისი კონტრიბუცია მთლიან მოგებაში. ასევე, 19 პოზიციითაა გაუმჯობესებული საზღვრებს მიღმა ვაჭრობის მიმართულება. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის სასაზღვრო პროცედურებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადგილობრივი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია ექსპორტის დროს დოკუმენტების მომზადებისთვის საჭირო მინიმალური დრო და ნულოვანი დანახარჯი აღნიშნული დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდა სასაზღვრო მოთხოვნებთან დაკავშირებული დრო და დანახარჯები.“ - აღნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.