ქ. დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) 29 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ტარდება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენცია (PP18), რომელიც ყველაზე მასშტაბურია ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კონფერენციაზე განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სრულყოფას და განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში ასევე იმართება ITU-ს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, ბიუროების დირექტორების, ITU-ს საბჭოს და რადიორეგულაციის საბჭოს არჩევნები.
კონფერენციის (PP18) მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ხელმძღვანელობით.
2018 წლის 30 ოქტომბერს, აღნიშნული კონფერენციის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ეკა ყუბუსიძე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე მიღწევების და გამოწვევების შესახებ, რომლებიც თანხვედრაშია ITU-ს მიერ დასახული ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან. ამასთან, ეკა ყუბუსიძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამეტალური ნორმების და პინციპების დარღვევა, რის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი ლეგიტიმური იურისდიქცია განახორციელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს განუყოფელ-ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქსელების და საშუალებების ფუნქციონირებას და განვითარებას. ამასთან, ეკა ყუბუსიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავაც უნდა დადგეს ერთად და მხარი დაუჭიროს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნების სუვერენული უფლებების დაცვას. როგორც მან გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, საქართველო იზიარებს რა ITU-ს კონსტიტუციის, კონვენციის და რეგულაციების ძირითად პრინციპებს, მზად არის, რომ გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ITU-სთან და მის წევრ სახელმწიფოებთან ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე განვითარებისთვის.
საქართველოს დელეგაციამ ასევე გააკეთა განცხადება, რომელიც პირდაპირ შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ნორმების დარღვევას.