31 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის მიმოხილვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს.
აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 15,1% გადაჭარბებით შესრულდა და 217 641,2 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 189 068,1 ათასი ლარი იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) 279.3 მილიონ ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11.6 მილიონი ლარით (4.3 %-ით) მეტია;
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები: მცირე მთავრობის კონცეფცია და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა; გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა; მაღალმთიანი აჭარის განვითარება; სოციალური პროექტების მხარდაჭერა და სხვა.
აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
• 2019 წლისთვის, 2018 წელთან შედარებით, შრომის ანაზღაურების ხარჯები 726.8 ათასი ლარით მცირდება. ჯამში ადმინისტრაციული ხარჯი 1,0 მილიონ ლარზე მეტით მცირდება;
• გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე იზრდება.
• დასრულებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების დაქსელვის წინასაპროექტო კვლევები. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია გაზიფიცირების მეორე ეტაპის სამუშაოები.
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 1,0 მილიონ ლარამდე იზრდება და 17,7 მილიონი ლარი იქნება.
• გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა - 2019 წელს 30 მიმართულებით ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 500-მდე მიმართულებაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, სულ 180 გრძივი კილომეტრი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაიგება. დაგეგმილია ასევე 14 ახალი ხიდის მშენებლობა. საერთო ჯამში, 2019 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდება.