ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მიხეილ კალანდიას დაკითხავენ. სწორედ მის მოსყიდვას ედავება სასამართლო მორჩაძეს.
პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას სხდომის სრულად დახურვის შუამდგიმლობით მიმართა. როგორც პროკურორმა განმარტა, აღნიშნულ საქმეზე იმ მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, რომელზეც არასრულწლოვანები არიან მსჯავრდებულები.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა, მათთვის პროკურატურის შუამდგომლობა გაუგებარია, რადგან პროცესზე სრწლოვან მერაბ მორჩაძის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ. ამასთანავე, დღეს დასაკითხი პირი, კალანდია სრულწლოვანია.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დღევანდელი სასამართლო პროცესი სრულად დახურა, რადგან განმარტა, რომ ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებს, რომელზეც არასრულელოვნები არიან მსჯავრდებულები, შესაძლოა, მოწმეები შეეხონ.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.