საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში გადავადდა. სებ-ში ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის თარიღი შეცვლილია.
რეგულაციები 1 -ელი ნოემრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, როგორც სებ-ში განმარტავენ დებულება გამარტივდა და ამ დროისათვის ტექნიკური საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.
როდიდან შევა ძალაში ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესს აკრიტიკებდა ბიზნესი. სექტორი მიიჩნევს, რომ გაჟღერებული ფორმით წესის ამოქმედება ბიზნეს აქტივობას და ეკონომიკის ზრდას შეანელებს.
პროექტის ავტორ ეროვნულ ბანკში ადრეც აღნიშნავდნენ, რომ დებულების პროექტის წარდგენის შემდეგ მასში არაერთი ცვლილება შევიდა, დაზუსტდა კონკრეტული დეტალები, მათ შორის მკაფიო გახდა, რომ რეგულაციები მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება და არ არის შემხებლობაში იურიდიული პირების დაკრედიტებასთან.
კობა გვენეტაძე აღნიშნავს, კონსულტაციების შედეგად გაიზარდა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც.
გვენეტაძემ ადრე აღნიშნა, რომ მთავარი პრინციპის დაცვით - სესხის აღებამ არ გააუარესოს ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობა და არ გაუჭირდეს მას ამ სესხის მომსახურება, - მზადაა საფინანსო სექტორის ყველა წინადადება გაითვალისწინოს.