"თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ, აღნიშნულია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებაში.
პარტიის განმარტებით, 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობასში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც მოითხოვენ მათი შვილების მკვლელობის ფაქტებზე სამართლიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელებას.
„ამ პროტესტს იზიარებს და შვილმოკლულ მამებს სოლიდარობას უცხადებს, როგორც მთლიანად ქართული საზოგადოების, ისე პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - ,,თავისუფალი დემოკრატები“.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურა აპირებს ზაზა სარალიძისათვის სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას, 2018 წლის 26 ოქტომბერს, ზემოხსენებული საპროტესტო აქციის განხორციელებისას, მასსა და პოლიციის თანამშრომელს შორის მომხდარი ინციდენტის გამო.
"თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ. ეს არ იქნება გონივრული და გამართლებული, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის საჯარო ინტერესის თვალსაზრისითაც. უკიდურეს შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურას და სასამართლოს, სამართალწარმოების პროცესში ზაზა სარალიძის მიმართ არ იქნას გამოყენებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება”, აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.