ოთარ ფარცხალაძე 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს კითხა, აქვს თუ არა თავადაც კითხვები ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით.
„ფარცხალაძე 5 წელია, რაც ხელისუფლებიდან წავიდა და გადადგა საკუთარი სურვილით, როცა ეჭვები გაჩნდა მის წარსულთან დაკავშირებით. 5 წელია ცდილობს ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, არის კითხვები, რომ ის ოდესღაც თანამდებობის პირი იყო და ახლა ბიზნესს აკეთებს, ამიტომ ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოგეპაროთ, ან ძველი პერიოდის შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება, ან ახლა ხომ არ იყენებს თავის სამეგობროსთან კავშირებს, რამეთუ პროკურატურაში მუშაობდა?! კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური და გეთანხმებით რომ ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. მათ რიცხვში, მე მაქვს ვალდებულება, რომ გიპასუხოთ. დამახინჯებული, გაზვიადებული ბრალდებები ამ ფარცხალაძესთან, რასაც ცდილობს ოპოზიცია, რომ ფარცხალაძე ჩემთან კოორდინირდება, სარდაფში ხალხი დაყავს და გაუპატიურებით ცდილობს, რაც ეცადნენ ჩანაწერებში, რაც სიმართლეს არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ დადგება იქ რაიმე კითხვის ნიშნები, ის იქნება პირველი ვინც მოითხოვს, რომ კანონის მთელი სიმკაცრით აგოს ფარცხალაძემ პასუხს.
"თუ ის ვერ დაასაბუთეს თავის ქონებას, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს და გაამაგრებს თავისი გამოსვლებით სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მან ისევე აგოს პასუხი თავის ქმედებებზე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოვიყენოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია“, - აღნიშნა ივანიშვილმა.