იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე მათ სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრეს.
„სასამართლო სისტემას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში დამტკიცდა სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებების გეგმაზომიერად შესრულებას. ჩვენი მიზანია სასამართლოს საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. დღეს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და ევროკავშირის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.