ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, არც აუდიოჩანაწერებით, არ დასტურდება მოწმეზე ზემოქმოდება, მოსყიდვა, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ მოეპოვება.
"მერაბ მორჩაძე 2017 წლის პირველ დეკემბრამდეც ეხმარებოდა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს და 2017 წლის პირველი დეკემბრის შემდეგაც.
გვაქვს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და საქმის არსებითი განხილვისას წარმოვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც გააქარწყლებს ბრალდების პოზიციას", - აცხადებს მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.