მსგავსად ზურაბ ბაქრაძის ჩვენებისა, ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ იარაღების აღმოჩენასთან დაკავშირებით საქმეში არაებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, - განაცხადა ბუტა რიბაქიძის საქმის პროკურორმა, გიორგი ოსაძემ.
მისი განმარტებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ დღეს სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სხვა მოწმეთა ჩვენებებს ეწინააღმდეგება.
"კერძოდ, მისი ჩვენება შემთხვევის ადგილზე იარაღების არსებობასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება იმ პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებთან, რომლებმაც უშუალოდ ნახეს შემთხვევის ადგილზე, რომ იარაღები დაფიქსირებული არ იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ მას არ ახსოვდა, ვინდაიდან შემთხვევის დღეს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი გარემოება, იმისა რომ მისი ჩვენება სასამართლოს მხრიდან გაზიარებული არ უნდა იქნეს", - აცხადებს ოსაძე.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.