მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მისამართით წერს, რომელმაც კოპენჰაგენის ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეკა გიგაური სავარაუდოდ, მონაწილეობდა 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში, თუმცა დღემდე სასამართლოში არ გამოცხადებულა.
როგორც გიგაური სოციალურ ქსელში წერს, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის "მის სატელიტებს უჩივლა".
„არ გცხვენია თეა აქ ამას რომ ლაპარაკობ? ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენ სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით.
პ.ს. ბოტებს თუ არ მომიგზავნი დიდად დამავალებ“, – წერს ეკა გიგაური.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა და თქვა, რომ შესაძლოა, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს წვლილი მიუძღოდა 7 ნოემბრის აქციის დაშლაში. თეა წულუკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანმა საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ კითხვა დაუსვა.