იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო" კოპენჰაგენის საერთშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა და თქვა, რომ შესაძლოა, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს წვლილი მიუძღოდა 7 ნოემბრის აქციის დაშლაში.
თეა წულუკიანის განცხადებით, "ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ".
"საქართველოში ძალიან მდიდარია სამოქალაქო საზოგადოება. ორ საათში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. საქართველოში ნიადაგი ნოყიერია არასამთავრობოებისთვის, რომ დაფუძდნენ, გაიზარდონ და იყვნენ აქტიური სოფლებში, პატარა ქალაქებში და დიდ ქალაქებშიც. სამწუხაროდ ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ. თუმცა, მთავრობის საქმე არ არის ამის განსჯა. ენჯეოების შიდა დავებს აქ ვერ განვიხილავთ. მაგრამ ბატონი ონიანის ყოფნა ადასტურებს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ენერგიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ენერგიული იყვნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გადაკვეთონ საზღვარი, ჩამოვიდნენ დანიაში და უკან გამოჰყვნენ იუსტიციის მინისტრს", - თქვა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პანელზე სიტყვით გამოსვლის დროს მას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანმა საქართველოში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ კითხვა დაუსვა.
თეა წულუკიანმა ამ შეკითხავს არ უპასუხა და "გამჭვირვალობა" და ეგა გიგაური გააკრიტიკა.
"არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის" ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან შესაძლოა ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და სავარაუდოდ წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი," - აღნიშნა წულუკიანმა.