იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ომის დაწყებაში დადანაშაულების შესახებ, იქნება დამანგრეველი ქართული დიპლომატიისთვის და იუსტიციის სამინისტრო ვერ დაიცავს საქართველოს ინტერესებს, მათ შორის ჰააგის სასამართლოში.
„იმ შემთხვევაში თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მისი მოსაზრებები გაუტოლდება საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებას და პოზიციას, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებები, იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტი გახდება, იქნება დამანგრეველი ამ პოზიციისთვის. ვერც ქართველი დიპლომატები, ვერც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი იურისტები ვერ შეძლებენ სახელმწიფოს პოზიციის სათანადოდ დაცვას“, - განაცხადა თინათინ ბურჯალიანმა.
მისივე თქმით, უკვე იმასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, შეიცვლის თუ არა პოზიციას მომავალში ზურაბიშვილი, მან ეს ზიანი უკვე მიაყენა ქვეყანას. მისივე თქმით, ეს ზიანი მხოლოდ და მხოლოდ გაასმაგდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდება.