ENG / RUS       12+

ახალმა საბანკო რეგულაციებმა, შესაძლოა, კრიმინალი წაახალისოს - ვახტანგ ჭუმბურიძე

რესპოდენტის შესახებ

1-ლი ნოემბრიდან პირებზე სესხების გაცემა იზღუდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დებულების გათვალისწინებით, განისაზღვრება სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები. შემოდის ლიმიტები რა ოდენობის ხელფასზე რა მოცულობის და რა ვადიანობის სესხის აღება იქნება შესაძლებელი, რომ მსესხებელმა კრედიტის მომსახურება უპრობლემოდ შეძლოს. ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციების დაწესების მიზეზად ჭარბვალიანობა დაასახელა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციები ბიზნესგარემოსა და ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებს, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. აღნიშნულ საკითხებზე „ჯი-ეიჩ-ენი“ ექსპერტს საბანკო საკითხებში ვახტანგ ჭუმბურიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ახალი საბანკო რეგულაციების არკვეულ რისკებს შეიცავს, მარეგულირებელი ორგანო ამბობს: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანებს სესხის აღებას შეუზღუდავს, აუცილებელია.  როგორ ფიქრობთ, რეგულაციები ერთადერთი გამოსავალი იყო?

-ამ შემთხვევაში საინტერესოა სწორი ფორმულირება მივცეთ თუ რას ვებრძვით და რა საშუალებით? თუ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ჭარბვალიანობას ვებრძვით, რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს. რეგულაცია გამოსავალი არამგონია იყოს. გამოსავალი არის სწორი საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება და არა არხის გადაკეტვა.

-სებ-ის ახალი რეგულაციები რა გავლენას მოახდენს საბანკო სექტორზე. ფაქტია, ბანკებიც შეზღუდულად გასცემენ სესხს.

-ახალი რეგულაციებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება მომხარებლების დაკრედიტება. ბანკებს მოუწევთ ადაპტირება ახალ რეალობასთან. არ მგონია, რომ ეს მარტივი იყოს. გაიზრდება მოთხოვნა შავ ბაზარზე, რომელიც ავტომატურად ზრდის კრიმინალის მომატების  რისკს. შავ ბაზარში იგულისხმება მევახშეები, რომლებიც ხელშეკრულების დამოწმების გარეშე დაიწყებენ სესხების გაცემას, ხოლო სესხის არ გადახდის შემთხვევაში,  არის იმის რისკი, რომ მოხდეს საქმის გარჩევები. ეს კი ერთგვარად, კრიმინალის წახალისებაა.

- თქვენ ამბობთ, რომ არის რისკი იმის რომ თუ უცბად გადავკეტავთ სესხების ონკანს, ჭარბვალიანობა გადაიზარდოს ვადაგადაცილებულ პორტფელში. რას გულისხმობთ?

-ჭარბვალიანობა დაგროვდა არა ერთ წელიწადში, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, მსესხებლები გავანებივრეთ და მივეცით საშუალება მარტივად, სესხის საშუალებით გადაეჭრათ რიგითი პრობლემები. ეს არის ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება. ბაზარმაც ამ წლების განმავლობაში შეიძინა გამოცდილება და თვითონ დაარეგულირა თუ ვისთვის მიეცა სესხი და ვისთვის არა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ მსესხებლებს, რომლებსაც გარკვეულწილად აწყობილი ჰქონდათ ურთიერთობა ბანკებთან და საჭიროების მიხედვით იყენებდნენ სესხს, ამ ეტაპზე ვეღარ შეძლებენ. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს უარყოფით ეფექტს და რისკი იმისა, რომ არსებული სესხი აღარ გადაიხადონ, რეალურია.

-სამშენებლო სექტორი, ტექნიკისა თუ სხვა მაღაზიები, რომლებიც საბანკო განვადებებზე მუშაობენ, მათზე რა ფორმით აისახება სებ-ის ახალი რეგულაციები?

-აღნიშნულ სექტორზე უკვე აისახა რიგი რეგულაციები, რომელიც უკვე გატარდა. ბიზნესომბუდსმენის ანგარიშშიც, წერია რომ მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები, მაგრამ 1-ლი ნოემბრიდან უფრო პესიმისტური პროგნოზი მაქვს, რადგან  აღნიშნულ სექტორის გაყიდვებში მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა საბანკო განვადებებს. ეს გამოიწვევს მცირე და საშუალო სიძლიერის სექტორის გაკოტრებასა და  ბაზრიდან გასვლას.

-საბანკო სექტორი, შეიძლება ითქვას თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე გამართული სფეროა, რაც ქვეყანაში მუშაობს. შესაბამისად, ეკონომიკაში მისი წილი უმნიშვნელო არ არის. თუ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდებათ, რა გავლენას მოახდენს ეს ეკონომიკაზე?

- საბანკო სექტორმა გაიარა ძალიან რთული გზა, რომ ამ მაჩვენებლამდე მისულიყო, დღეს ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკის ერთ ერთი ხერხემალია.

თუ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდებათ რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაზრდა ამ მოცემულობიდან საეჭვოა, რადგან რიგი მნიშვნელოვანი ბიზნესები, რომლებსაც არანაკლები წვლილი შეაქვს ეკონომიკურ მაჩვენებლებში შეექმნებათ პრობლემები.

- როგორ ფიქრობთ, ეროვნული ბანკი, რატომ მიდის ამ რისკზე ?

- როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა ისინი დადებით შედეგს საშუალო და გრძელვადიან პერიოდშ ელოდებიან, ამ შემთხვევაში რისკებიც გათვლილია ამ პერიოდზე. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ჩემი აზრით, საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება მთლიანად საბანკო სექტორი და ამ რისკების შეფსება არც ეროვნული ბანკისგან და არც ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისგან არ მოგვისმენია.

-გამოსავალს რაში ხედავთ?

-გამოსავალი ჩემი აზრით, არის ბიზნესთან დიალოგი და აღნიშნული რეგულაციების გადახედვა.

ავტორი: . .