ალბათ, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან 50-კაციანი შეიარაღებული ბანდები, ვიღაცეებს აწამებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით,ეს არ ხდება ამ ქვეყანაში და გასარკვევია, მირზა სუბელიანს რა მოტივი ამოძრავებდა.
მისივე განცხადებით, უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა და გაირკვეს ამ საუბრის მოტივაციაც. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე რამდენიმე მიმართულებით არის სამსჯელო.
„ერთი - შანტაჟის ენით არავინ არ უნდა ელაპარაკოს სახელმწიფოს, მათ შორის, არც განაწყენებული ყოფილი მაღალჩინოსანი. მით უმეტეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შანტაჟის გზით, როგორ იქნა ჩანაწერი მოპოვებული და სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ჩვენ არ ვაპირებთ წარსულის გამეორებას და არავის გაპრავებას. საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პარლამენტი სანოტარო ბიუროს სახით ჰყავდა, ახლანდელი პარლამენტი არის სხვა. თითოეულ დეტალს, თითოეულ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე. ერთი პატარა კითხვაც რომ გაჩნდეს, ვაპირებთ ნებისმიერი საპარლამენტო მექანიზმით, იქნება ეს მინისტრის დაბარება თუ სხვა, ჩვენ ყველა კითხვას ამომწურავად გავცეთ პასუხი. მე პირადად რწმენა მაქვს, რომ საუბარი ნამდვილად შედგა, რადგან ამას ადასტურებს ვიქტორ ჯაფარიძეც, მაგრამ ფორმალური მხარეა და ავთენტიკურობაც უნდა გაირკვეს, ასევე უნდა გაირკვეს ამ საუბრის მოტივაციაც. მეორე მხრივ, ალბათ, არავის სჯერა, რომ ქვეყანაში დარბიან 50-კაციანი შეიარაღებული ბანდები, ვიღაცებს აწამებენ, ეს არ ხდება ამ ქვეყანაში და გასარკვევია სუბელიანს რა მოტივი ამოძრავებდა. თუმცა, აქ ყველაზე რეალური ვერსია არის შანტაჟის მოტივი. მირზა სუბელიანი განაწყენებული იქნება, რადგან ის მოხვდა ციხეში. როდესაც ის შანტაჟის ენით ელაპარაკება ვიქტორ ჯაფარიძეს და აბარებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან რაღაცას, რომ დააშანტაჟოს და ამით სარგებელი მიიღოს, სავარაუდოდ, ეს შეიძლება არ იყოს პირველი. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი მოხვდა ციხეში, შესაბამისად, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა მდინარაძემ.