დღეს, 1-ელ სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა. განხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრა სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, რომელიც ფიზიკოსია, სტუ-ის კურსდამთავრებულია და დისერტაციაც სტუ-ში აქვს დაცული.
დავით ბაქარაძემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ შედის ცვლილება საკონსტიტუციო პროექტში. მისი განცხადებით, პირველი მიზეზი არის პროცედურული. შემოდგომაზე კიდევ ერთხელ შეიქმნება ჯგუფი და 2012 წლამდე კიდევ შევა ცვლილებები. მეორე მიზეზი კი, ბაქრაძის განცხადებით, არის შინაარსობრივი.
"ბოლო 20 წელია, საქართველოში პოლიტიკური პროცესი მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემის ცენტრი ყოველთვის იყო ერთი ადამიანი - პრეზიდენტი. ამიტომ პოლიტიკური ბრძოლის ცენტრიც მიმართული იყო ერთი პირის წინააღმდეგ, მიუხედავად მისი სახელისა და გვარისა. ყველა ოპოზიციური ძალისტვის უმთავრესი იყო პრეზიდენტის შეცვლა და ასეც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის განცდა ყოველთვის დიდი სისუსტეა და მოქმედ სისტემაში ეს არის არასტაბილურობის წყარო. ამიტომ ახალი კონსტიტუცია იქნება დაბალანსებული, ევროპული კონსტიტუცია.
"ხელისუფლების ყველა შტოს ექნება უფლებები. ახალ პროექტში კარგადაა დაცული ბალანსი. შეცვლილია პარლმენტის როლი. პარლამენტი აკომპლექტებს მთავრობას. პრეზიდენტი ამ პროცესისგან დისტანცირებულია. ხელისუფლებაში მოდის პარტია, რომელიც არჩევნებს მოიგებს", - განცხადა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, ეს არის უაღრესად სამართლიანი მოდელი.
"ახალი პროექტის შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება მთავრობაში მოსვლის საშუალება", - განაცხდა მან.
ბაქრაძის განმარტებით, ახალი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის შესუსტებული. იგი საყოველთაო კენჭისყრით აირჩევა. პრეზიდენტი იქნება ქვეყნის უმაღლესი მთვარსარდალი.
"გარდა ამისა, პრეზიდენტი ამტკიცებს გენერალური შტაბის უფროსს. პრეზიდენტი არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. თუმცა პრეზიდენტი დისტანცირდება ყოველდღიური პოლიტიკისგან. ყოველდღიური პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ხდება მთავრობა. იზრდება მისი ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ. ახალი პროექტის მიხედვით, მთავრობა უშუალოდაა პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე", - განაცხდა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილებები, რომლებიც მოქმედებს კრიზისულ სიტუაციებში. მას არბიტრის უფლებამოსილება ექნება.