სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივის. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიაწოდა.
"ორშაბათს შეგვაქვს საჩივარი პროკურატურაში ბატონი ოქუაშვილის წინააღმდეგ ბატონ ლევან ყიფიანის მიმართ თაღლითური ქმედების ფაქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.
ასევე, შევიტანთ სამოქალაქო სარჩელს პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით. შესაძლოა, მესამე დოკუმენტზეც იყოს საუბარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს შეეხება. ამის შემდეგ გუშინ გაჟღერებული პრესკონფერენცია ჩატარდება", - აცხადებს ხაჭაპურიძე.
ის საუბრობს, თუ როგორ არ გადაუხადა თაღლითურად ოქუაშვილმა ყიფიანს გაწეული სამსახურისთვის გასამრჯელო.
"ბატონმა ოქუაშვილმა სთხოვა ლევან ყიფიანს ჩართულიყო ბიზნესპროექტში. კერძოდ, "ბეემვეს"მარკის ავტომობილების ჩინეთში გაყვანასა და გაყიდვაში, რაზეც ბატონმა ლევან ყიფიანმა გარკვეული სამუშაოები გაატარა, სხვა პარტნიორებისგან აიღო გარკვეული ვალდებულებები. ამის შემდეგ, საქმეში ჩართო ქართველი ბიზნესმენი, რომლის სახელს და გვარსაც ამ დღეებში გავაჟღერებთ. ლევან ყიფიანმა და ამ ბიზნესმენმა უზარმაზარი სამუშაო გაწიეს. თურქეთიდან ჩინეთში ჩაყვანილი იქნა 50 "ბეემვეს" მოდელის მანქანა, რომლებიც გაიყიდა. ამ ბიზნესმენმა რაღაც ნაწილი თავის გაწეული სამუშაოსი მიიღო, დანარჩენი ვერა და როგორც ვიცი, ამაზე სარჩელით დაობს სასამართლოში. ხოლო ყიფიანმა, ოქუაშვილის თაღლითური ქმედების შედეგად ვეღარ მიიღო ვერცერთი თეთრი. ამის შემდეგ მას ოქუაშვილი შეჰპირდა "ბეემვეს" ტიპის 3 ავტომანქანის გადაცემას ამ დავალიანების გასასტუმრებლად, რაზეც ჩანაწერებშიც იყო საუბარი. თუმცა, ეს მანქანები ყიფიანისთვის დღემდე არ გადაუცია", - აცხადებს ხაჭაპურიძე.