სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ ამ კამპანიამ მიიღო შავი პიარის ხასიათი, რომელიც არის გაჟღენთილი სიძულვილით და დაპირისპირებით, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კომერციული ბანკიდან სესხის აღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადება არის საკითხის სპეკულირება.
„ჩვენ არ გვჭირდება, რომ რაღაცეები დავმალოთ ჩვენი საზოგადოებისგან, პირიქით, სრული უფლება გვქონდა ჩვენი კანდიდატი დაგვეყენებინა, რაც არ გავაკეთეთ შეგნებულად. ამიტომ ოპოზიციის განცხადება არის საკითხის სპეკულირება. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ღია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სალომე ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით რატომ აქვთ ვიღაცეებს კითხვის ნიშნები, ეს მე პირიქით მიჩენს კითხვის ნიშანს, ხომ არ სპეკულირებენ ეს ადამიანები. ნებისმიერ თემაზე ხდება სპეკულირება, რაც არის ძალიან ცუდი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ ამ კამპანიამ მიიღო შავი პიარის ხასიათი, რომელიც არის გაჟღენთილი სიძულვილით და დაპირისპირებით, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს”, - განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ „ქართუდან“ მილიონი ლარი ისესხა.