თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან თავისუფალია, სწორედ გიორგი გახარიას მიდგომების დამსახურებაა, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და წლების წინ ბევრი წინაღობების გადალახვაც მოუხდა, რაშიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი დაეხმარა.
ბიზნესმენს, საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე, გიორგი გახარიასადმი კონკრეტული ბიზნესმენისგან გაჟღერებული ბრალდებები, მიუღებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი, ყოველთვის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა.
ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ბიზნესმენები და ცალკეული კომპანიები რომლებიც გახარიას მისი ბიზნესომბუდსმენობის დროს მიმართავდნენ, ყოველთვის იყო მისი მხრიდან მზაობა, რომ მათ მოგვარებაში კომპეტენციის ფარგლებში ჩარეულიყო.
„იყო დრო, როდესაც ჩვენს ბიზნეს ჯგუფს, გარკვეული პრობლემები შეექმნა სხვა და სხვა მიმართულებით.
ცხადია, დავიწყეთ სიმართლის მტკიცება და მივმართეთ გარკვეულ ინსტანციებს. სწორედ მაშინ გავიცანი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში ჩვენს ბიზნესს გვერდით დაუდგა და დახმარება აღგვითქვა. ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატი საქმის გარკვევაში აქტიურად ჩაერთო. გიორგი გახარიასთან ერთად, მათ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი ქეისი და კომპეტენციის ფარგლებში შეეცადნენ პრობლემის მოგვარებას.
გიორგი გახარიას არასოდეს უცდია ბიზნესის პრობლემები და მათი მოგვარებისათვის გაწეული საქმიანობა საჯაროდ გამოეტანა და ამით გარკვეული დივიდენდები დაეგროვებინა. თუმცა ის ბიზნესმენები, თუ ცალკეული კომპანიები, რომლებიც მას მიმართავდნენ დამეთანხმებიან, რომ გიორგი გახარიას ბიზნესის პრობლემები კარგად ესმის და მისი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა, რომ მათ მოგვარებაში კომპეტენციის ფარგლებში ჩარეულიყო.
ამ საქმიანი კომუნიკაციისა და საქმეებისადმი მისი მიდგომების შემდეგ,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი დღეს ბიზნესი პოლიტიკური ჩარევისაგან არის თავისუფალი, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესი ფაქტორია, სწორედ ბატონი გიორგი გახარიას მიდგომების დამსახურებაა“, -აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი.