მთავარი, რაც უნდოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ეთქვა, რომ მისი შიდა კვლევებით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ.
"მინდა შევახსენო ყველას, განსაკუთრებით მოვუწოდო ცესკო-ს და მარეგურლირებელ კომისიას, რომ ეს არის დაღვევა "ქართული ოცნების" მხრიდან, იმიტომ რომ კვლევების გამოქვეყნებას აქვს თავის წესი, ასე უბრალოდ ვიღაც იგებს და ვიღაც აგებს, ამის ასე თქმა არ შეიძლება. უნდა გამოქვეყნდეს კვლევები სათანადო წესით და ეს უნდა შემოწმდეს მარეგულირებელი კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ასე რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაფერთან ერთად დაარღვია რამდენიმე კანონი და ძალიან ბევრი მოიტყუა.
"პირველ რიგში, არცერთი კვლევით სალომე ზურაბიშვილი არ იმარჯვებს, მათ შორის არც შიდა კვლევებით. ჩვენ ამ კვლევების შედეგებიც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ან მესამე ადგილზეა ნებისმიერი კვლევით, ისინი იბრძვიან, რომ სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში რამენაირად გადაათრიონ", - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას Facebook პოსტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც ნიკა გვარამიას უნიათო ფაშისტი უწოდა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.