როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ხელმძღვანელი აკეთებს ასეთ განცხადებას, პოლიტიკური შეხედულების გამო კონკრეტულ სოციუმს შემოსაზღვრავს და ამისათვის კონკრეტული ადამიანების გარიყვისაკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ეს ნამდვილად ფაშისტური განცხადებაა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკიდურესად შემაშფოთებელია, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას არასამთავრობო სექტორი ყურადღებას არ აქცევს.
„უკიდურესად შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებას არ აქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორი, უფრო მეტიც, კონკრეტულ შემთხვევებში მათი მხრიდან მხარდაჭერაც კი იგრძნობა მსგავსი მიდგომების მიმართ. არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი ტენდენცია. სწორი ტენდენციაა ის, რაც გაახმოვანა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩვენ ვალდებული ვართ სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ.