„სვეტის“ დამფუძნებლებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონისა და იმ გაუბედურებული ადამიანების წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სიუჟეტი, რომელიც კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2“-ზე გავიდა, სამარცხვინო იყო.
„ეს იყო სამარცხვინო სიუჟეტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ ყოფილიყო დაზარალებული ამ კომპანიის მხრიდან. უამრავი ოჯახი გააუბედურეს ამ კომპანიამ და ამ ადამიანებმა. რაც შეეხება მშენებლობას, გეტყვით, რომ ეს ძირითადად წარმოებული იყო 2015, 2016, 2017 წლებში, დაწყებული მშენებლობები, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაჯარიმებული იყო, არის ამის მტკიცებულებები და შემიძლა წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს, რომ მოსახლეობამ სიმართლე იცოდეს. მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვისაც ამ კომპანიის ბინები აქვს ნაყიდი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგონ არც ერთი თეთრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, ოფიციალურად მომეცა ჩემი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, მშენებლობის მიმართულებით რეგულაციები გავამკაცრეთ. თუ უკანონო მშენებლობაზე ჯარიმა 5 ათასი ლარი იყო და მგონია, რომ ეს ძალიან ცოტა იყო, ჩვენ ეს ჯარიმები გავაათმაგეთ. სამშენებლო კომპანია პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონს, 10 მილიონს დებს და ამ დროს 5 ათასი ლარი არის არაფერი. თუ რაიმე უკანონოდ ხორციელდება, ახლა 50 ათასი ლარია ჯარიმა და ამან შედეგი გამოიღო. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მხრიდან. მე როგორც ვიცი, ის დაკავებულია. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე და იმ გაუბედურებული ადამიანების წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.