კომენტარს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ, - ამის შესახებ ფონდ "იავნანას" ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, ანგელა ვასილენკომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განმარტებით, ვასილენკოს სასამართლოში გამოცხადებით, პროკურატურის პოზიცია, რომ გამოსაკითხი პირი გამოძიებას თავს არიდებდა, გაიფანტა.
"ქალბატონი ანგელა გამოცხადდა სასამართლოში. ვფიქრობ, ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა იმის თაობაზე, რომ ის ხელს უშლიდა გამოძიებას. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება უსაფუძვლო გახდა. რაც შეეხება მის პასუხებს, ის ყველა დასმულ შეკითხვას პასუხს გასცემს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - აცხადებს ბარათაშვილი და აქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქართველოდან გამგზავრებამდე, პროკურატურისთვის ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი ჰქონდა.
"მისი გამგზავრება იმავე დღეს იყო პროკურატურისთვის ცნობილი, ყველაფერი წარადგინა, განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს დაბრუნდებოდა და ამას დღევანდელი ფაქტიც ადასტურებს", - განმარტავს ადვოკატი.