ახალსოფლის მოსახლეობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
მათი მტკიცებით, 60 წლამდე მამაკაცი სამართალდამცველებმა ალკოტესტის ჩატარების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მამაკაცი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, გარდაცვლილმა პოლიციას მედიკამენტის შესაძენად აფთიაქში შესვლა სთხოვა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ მაინც დაიწყო.