ტელეკომპანია „იბერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას არ ენდობა.
„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად, გავა არც თუ დიდი დრო და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩდება ის, თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში, რომელიც ამხილა „ომეგა ჯგუფმა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„ჩემი მეუღლე მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან საქართველოს კანონებით განსაზღვრული პროცედურებით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ საქართველოს კანონები და ამის მიხედვით ითანამშრომლებს“, – აღნიშნა ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება და გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა სწორედ მან მოითხოვა.
ცნობისთვის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.