ოპოზიცია საერთოდ არაფერს არ ენდობა და მას ნებისმიერ საკითხზე საწინააღმდეგო პოზიცია ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბრის აუდიოჩანაწერებზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც არ უნდა მოხდეს და როგორი საერთაშორისო ექსპერტიზაც არ უნდა ჩატარდეს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყველა სატელიტს პოლიტიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს
„ჩანაწერების ნამდვილობა ექსპერტიზის მიერ დგინდება და ექსპერტიზა ამას მხოლოდ ზეპირ განცხადებად არ აკეთებს, ამას დასაბუთებაც მოჰყვება და გადამოწმებისთვისაც ხელმისაწვდომია. ლევან ყიფიანმა დაადასტურა, რომ გარკვეულ შეთანხმებაში მონაწილებდა. ეს თუ ნამდვილია, ჯერ არ იცით, მაგრამ მან აღნიშნა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია. თუ თავდასაცავად ყიფიანის განცხადების მოყვანა უნდათ, ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ. ეს არის აგრესიულად განწყობილი ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არც ექსპერტიზა უნდა და არც საერთაშორისო რეიტინგები აინტერესებს. ეს არის ცრუთა და მავნებელთა ერთი ბანაკი, რომელსაც კიდევ ერთი წევრი შეემატა, ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრების აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით.