მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები არ არის ავთენტური, გამოძიება იმის დასადგენად უნდა გაგრძელდეს, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი, ვინ შეაკოწიწა ან რისთვის დასჭირდათ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ახლა გამოძიება ახალი მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.
"როდესაც ვისმენთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის წარმომავლობის კანონიერება არავინ იცის, პირველი კითხვა რაც ისმება არის აუთენტურია თუ არა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა ამბობს, რომ ეს ჩანაწერები არის მონტაჟი, ხელოვნურად შეკოწიწებული გადაბმებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა ექსპერტიზამ გამორიცხა და ამბობს, რომ ის არ არის ავთენტური. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შემდეგი ეტაპი რაც ამას უნდა მოყვეს არის, ის თუ ვინ გააკეთა, ვინ შეაკოწიწა ეს და რისთვის დასჭირდათ. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვები, რომელიც გამოძიების წინაშე დგას და გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს",- განაცხადა ბესელიამ.