საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები, - ამის შესახებ რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა მარკ გლუხოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუკის მომზადების დროს ყურადღება პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის არავის მიუქცევია.
„ეს არის დიზაინერის შეცდომა. მაჩვენეთ რუკა, სად არის რომ ვნახო. ბოდიშს ვიხდით დიზაინერის შეცდომის გამო. რუკები უკვე დარიგებულია და მის შეცვლას აზრი აღარ აქვს, ხვალ ოლიმპიადა უკვე სრულდება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ჩვენ აქ ჭადრაკის გამო შევიკრიბეთ და არა პოლიტიკური განცხადებებისთვის. რუკის მომზადების დროს ყურადღება პატარა ქვეყნის ტერიტორიებისთვის არავის მიუქცევია. ეს არ იყო გამიზნული ქმედება. ბეჭდვის დროს ეს არავის შეუმჩნევია. საქართველო რუკაზე საერთოდ არ ჩანს და საერთოდ რატომ გაქვთ პრეტენზიები. ეს ჭადრაკის საერთაშორისო რუკაა. პოლიტიკური რუკა არ არის“, – განუცხადა გლუხოვსკიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ფედერაცია აღნიშნავდა, რომ ხანტი მანსიისკიდან ჩამოსულმა დელეგაციამ სასაჩუქრე ჩანთები დაარიგა, რომელშიც მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იდო, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო დატანილი.