რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია გაუგებრობისთვის ბოდიშს იხდის, - ამის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ეს არის მექანიკური შეცდომა.
„როგორც კი ეს გავიგეთ დავუკავშირდით რუსეთის ფედერაციას და მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება. ისინი ბოდიშს იხდიან ამ გაუგებრობისათვის და ამბობენ რომ ეს არის მექანიკური შეცდომა. გაარკვევენ ვისი ბრალია. სტამბის თუ შემკვეთის. ხვალისთვის უკვე შეუკვეთეს ახალი რუკები და ხელახლა დაარიგებენ“, – განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ფედერაცია აღნიშნავდა, რომ ხანტი მანსიისკიდან ჩამოსულმა დელეგაციამ სასაჩუქრე ჩანთები დაარიგა, რომელშიც მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა იდო, სადაც საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე იყო დატანილი.