მიუხედავად იმისა, რომ მოწმედ დასაკითხი პირისთვის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისთვის წინასწარ იყო ცნობილი სხდომის თარიღისა და საათის შესახებ, ანჟელა ვასილენკო, ისევე როგორც მისი ინტერესების დამცელო ადვოკატი, არ გამოცხადდნენ დღევანდელ სხდომაზე. უფრო მეტიც, მოწმემ დატოვა საქართველო და გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვასილენკოს ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს უნდა მიეცა, თუმცა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა, ანჟელა ვასილენკო საქართველოდან გაემგზავრა. პროკურორის განმარტებით კი, ის გამოძიებას თავს არიდებს.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგამოძიებო ორგანოები ვერ ახერხებენ ანჟელა ვასილენკოსგან ინფორმაციის მიღებას. დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში მოწმისთვის ცნობილია, რომ გამოძიებას აქვს კითხვები მასთან, ის არაერთხელ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში და ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში, ის არასაპატიო მიზეზით თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ამ ყველაფრის გაგრძელება იყო დღევანდელი სხდომაც, რადგან ანჟელა ვასილენკო არ გამოცხადდა სასამართლოში მოწმის სახით გამოსაკითხად.
ანჟელა ვასილენკოს ინფორმირება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო მას იბარებს დაკითხვის მიზნით პროკურატურაში. ამის მიუხედავად ანჟელა ვასილენკომ განაცხადა, რომ არ გამოცხადდებოდა პროკურატურაში, თუმცა რაიმე საპატიო მიზეზი, რომელიც სამართლებრივად დასაშვებად ჩაითვლებოდა მას არ დაუსახელებია. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს მიერ მისი განცხადება აღქმული იყო, როგორც უარი დაკითხვაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით და ამოქმედდა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა, მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვეთ მისი მოწმის სახით გამოკითხვა სასამართლოს წინაშე. ანჟელა ვასილენკოს საგამოძიებო ორგანოსთვის არ დაუფიქსირებია პოზიცია წინასწარ, რომ ის აპირებდა საზვარგარეთ წასვლას და ფიზიკურად არ იქნებოდა საქართველოში.
როგორც ჩვენთვის გახდა დღეს ცბობილი, მის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა სასამართლოს კურიერი, სასამართლოში მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით, რომელმაც შესაბამისი ოქმი შეადგინა ანჟელა ვასილენკოსთან გასაუბრების შესახებ. შედგა სიტყვიერი კომუნიკაცია მათ შორის და ვასილენკო ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ უნდა გამოცხადებულიყო დღეს სასამართლოში", - აცხადებს პროკურორი.