ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.
მისი თქმით, აქამდე მოქალაქეობას მხოლოდ პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო მისი ინიციატივა იყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი და ამის შედეგად, ეთნიკური სომხებიც შეძლებენ ერთდროულად საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეობას.
ზურაბიშვილის განცხადებით, ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ იქაურმა მოსახლეობამ ელამენტარული ქართულით ისაუბროს.
"ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მისი წარმომადგენელი არის დღეს ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა.
მე დავიწყე მუშაობა რამდენიმე წლის წინ, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი, ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა - ორმაგი მოქალაქეობა იყოს თუ არა ოფიციალურად აღიარებული, ყოველ შემთხვევაში ნებადართული“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას.