ამ ჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა, მონტაჟებით გარკვეული კონტექტსები შეცვლილია, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ყიფიანი დღეს სასამართლოს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის.
"საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენება მივცეთ სასამართლოში.
საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ.
ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, სანამ ბატონი ოქუაშვილი ინტერვიუს მისცემდა, მას მიაჩნია რომ მონტაჟი იყო. იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს.
3 წლის განმავლობაში ის ოფიციალურად მუშაობდა, ხელშეკრულება დადებული აქვს, სადაც მითითებული აქვს, რომ მას ვალდებულება ჰქონდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა, როგორც კერძო, ფიზიკურ, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან.
ამ ჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა, მონტაჟებით გარკვეული კონტექტსები შეცვლილია. ეს ჩანაწერები სხვადასხვა პერიოდშია გაკეთებული. მაგალითად, სკაიპით ჩანაწერი, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ, 2 წლის წინ არის გაკეთებული.
ფარცხალაძესთან მას, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დანარჩენს ის თავად იტყვის.
სარდაფის ეპიზოდზე და ამ დეტალებზე, თავად გააკეთებს განცხადებას. სასამართლო პროცესის შემდეგ ის განცხადებებს გააკეთებს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით 16:30 საათზე გამოიკითხება.
სასამართლოში გამოკითხვის სურვილი მან თავად გამოთქვა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი აპირებს თქვას, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მოლაპარაკებებს საკუთარი ინიციატივით აწარმოებდა.
არსებული ინფორმაციით, ყიფიანი უარყოფს ე.წ სარდაფის ეპიზოდსაც.
ლევან ყიფიანი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს.