გუშინდელ დღემდე გავრცელებული ვიდოეჩანაწერები, საუბარი მანქანებზე და ა.შ. მონტაჟია და იმედია, ამას ექსპერტიზა დაადასტურებს, - ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს.
მისივე განმარტებით, გუშინ, ტელეკომოპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ზაზა ოქუაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან და გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ყოფილი მინისტრი უახლოეს დღეებში გააკეთებს.
„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს და ბატონი ოქუაშვილის ინტერვიუს, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უახლოეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვან და საგანგებო განცხადებას გავაკეთებთ.
გატაცების, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის, ცემის ფაქტი იყო დასახელებული, ამ ყველაფერზე გაკეთდება განცხადება. ეს განცხადება მხოლოდ ამ ბოლო ფაქტს კი არა, მთლიანად, ამ პროცესებს შეეხება“, - აცხადებს ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, ლევან ყიფიანი საქართველოში იმყოფება და მას რამდენიმე საათის წინ შეხვდა.