პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ის დღე, როდესაც ჩემს შვილს თავზე ვედექი და ვერაფერს ვშველოდი, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას.
ის და თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად მივიდნენ. როგორც სარალიძე აცხადებს, მისი შვილის საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფული აიღეს და მოკლულის სულით ივაჭრეს.
"ამ 9 თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა ფაქტობრივად მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. რას ქვია ვერ დგინდება. მე როგორც ვხედავ, ხელისუფლებას რაღაცაში ეჭვი ეპარება. პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ის დღე, როდესაც ჩემს შვილს თავზე ვედექი და ვერაფერს ვშველოდი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაღუნულები გვისამძიმრებდნენ, პირიქით, წიხლს გვაჭერენ, გვდევნიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი. მე ისიც ვიცი, რა თანხები აიღეს ჩემი შვილის საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ჩვენი შვილების სულებით ივაჭრეს და მე ამის საშუალებას მათ არ მივცემ. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი შვილებს მკვლელები კანონის წინაშე არ წარსდგებიან და არ დაისჯებიან კანონის ძალით. დიდი მადლობა მთელ საქართველოს, ვინც ერთი სიტყვით მაინც გამოხატავს მწუხარებას ჩვენს მიმართ. დღეს, ქართველებო, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. ჩვენ არ გვყავს მოსაკლავი შვილები. საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი შვილები. ჩვენ ვიდგებით რუსთაველზე იქამდე, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.