გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ბექა ბასიალაია „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, რომ რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ბრლდების მხარის მიერ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები სცნო დასაშვებად.
„სასამართლომ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მაშინ, როცა ჩვენ არსებითი დარღვევებით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, ცრუ მოწმეებზე ვუთითებდით. სასამართლომ ბრალდების მხარის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე მტკიცებულებებს კანონის არსებითი დარღვევით იპოვებდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მხოლოდ პროკურორების პოზიცია გაიზიარა, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უტიფრად არაობიექტური და მიკერძოებულია მოცემულ საქმეზე“, - აცხადებს ბასიალაია.
მისივე განმარტებით, გამოძიებამ რეალურ დამნაშავეებზე არ იმუშავა. რაც შეეხება საქმეში არსებულ აუდიოჩანაწრებს, ბასიალაიას განცხადებით, ეს პროვოკაციის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებაა.
„ბრალდებული რა თქმა უნდა, თავს უდანაშაულოდ ცნობს. მოგეხსენებათ, ამ საქმეზე ტემპერატურამ თავიდანვე აიწია და შსს-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ თავიდანვე მცდარი მიმართულება აიღეს, რეალურ ვერსიებზე არ იმუშავეს. გიორგი ჭანტურია სრულიად უკანონოდ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ამ პროცესში მათ თავიდანვე სამიზნედ გიორგი შერჩიეს, რადგან უნდოდათ საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ. რეალურ ვერსიებზე, რეალურ დამნაშავეებზე მათ არ იმუშავეს.
აუდიოჩანაწერებეში ფიგურირებს პოლიციის თანამშრომელი, ბატონი დოლიძე, რომელიც პროვოკატორია. ამ ჩანაწერების შეფასებისას და განხილვისას მკაფიო გახდება, რომ რეალურად მისი მხრიდან პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი“, - დასძენს ბასიალაია.
პროცესი რუსთავის რაიონულ სასამართლოში გუშინ ჩატარდა. შემდეგი სხდომა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ის ბრალს არ აღიარებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. შსს-ს ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.