ე.წ. ცინაიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამამლაძე შეწყალების კომისიის მიერ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებული საქმის განხილვას გამოეხმაურა.
"მოვისმინე კომისიის განცხადება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თეთრი ძაფით ნაკერ საქმეზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს, თუმცა მე ჯერ არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება ამ საქმესთან დაკავშირები. ველოდები პრეზიდენტის პერსონალურ გადაწყვეტილებას კომისიისგან დამოუკიდებლად. იმედი მაქვს საპრეზიდენტო მოღვაწეობის მიწურულს საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს განცდას, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთი ინსტიტუცია მაინც არსებობს, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას უფლებას დაჩაგროს და გაანადგუროს უდანაშაულო ადამიანი", - აცხადებს მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 117 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა რიცხვშიც, გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა.