მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტერი სახელმწიფოს სიყვარული და ეს არის ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე, უბრალოდ, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვინდა ცივილური, ევროპული საარჩევნო კამპანია წარიმართოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, უამრავი ფრაზა არსებობს მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი და არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ“ საქართველოს პრეზიდენტად.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდს არ სურს „შავი პიარის“ ფონზე წარიმართოს საარჩევნო კამპანია.
„უბრალოდ, ჩვენ ამაზე კამპანიის აგება არ გვინდა. როცა კაცი გამოდის და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ გულში მუდმივად რჩება რუსეთის სიყვარული და მას აქვს პრეტენზია იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, ეს არის უბრალოდ პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან არ გვინდა დავემსგავსოთ მას. თქვენ გესმით სპეკულაციები და ბინძური კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. მოღალატე თავისი არსით არის ის, ვისაც გულში აქვს მტერი სახელმწიფოს სიყვარული და ეს არის ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე, უბრალოდ, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, რადგან გვინდა ცივილური, ევროპული საარჩევნო კამპანია წარიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.