მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამედიცინო რეგულირების ყოფილი ხელმძღვანელის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე.
„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, - განუცხადა სერგეენკომ "რუსთავი 2"-ს.
ცნობისთვის, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ 6 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.