ვანო მერაბიშვილის განთავისუფლება და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც მონაწილეობდა მისი უფლებების დარღვევაში - "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად.
როგორც კახიძემ აღნიშნა, მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ გააჭიანუროს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე რომლითაც დადგინდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში ყავდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არალეგიტიმური მიზნებით. ეს არის ყველაზე მძიმე დარღვევა ერთ-ერთი კონვენციის, რომელიც დგინდება ძალიან იშვიათად და არის ეგრედწოდებული პოლიტპატიმრების მუხლი. სხვადასხვა ხელისუფლებები ამ დარღვევას პასუხობენ პატიმრის გათავისუფლებით. სულ ახლახან განთავისუფლდა ილგარ მამადოვი, რომელიც ასევე იგივე მუხლით დადგინდა დარღვევა ევროკონვენციის, მანამდე გათავისუფლდა ჯაფაროვი, ტიმოშენკო-ლუცენკოს საქმეებშიც მე-18 მუხლი იყო დარღვეული და ერთადერთი პატიმარი რომელზეც ეს მუხლი დადგენილია და პატიმრობაში კვლავ რჩება არის ვანო მერაბიშვილი. მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ჩასვა დღის წესრიგში მიმდინარე წლის დეკემბერს აღნიშნული საქმის წარმოება. მთავრობა ვერ აცნობიერებს ამ დარღვევის სიმძიმეს, ყველანაირად ცდილობს, რომ გააჭიანუროს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება“, - განაცხადა კახიძემ.