სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ეკლესია არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის ის თემა, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ხელისუფლებამ. ეს არის თემა, რომელიც აღელვებს და აწუხებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის აღელვებს და აწუხებს ეკლესიას და სასულიერო პირებს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის გააპროტესტებს სასულიერო პირების ჩართულობას ამ პროცესში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზურაბიშვილს წარმოდგენა არ აქვს რა აწუხებს ჩვენ საზოგადოებას და როგორი დამოკიდებულებაა დღეს ქვეყანაში ნარკოტიკების მიმართ და წარმოდგენა არ აქვს რა როლს ასრულებს და რა ადგილი უჭირავს ქართულ ეკლესიას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მას არ ესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.